საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ორის ინფიცირების წყარო ამ დრომდე დაუდგენელია. ინფიცირებულებს შორის არიან პირები, რომლებსაც სვანეთსა და ქობულეთში გამოვლენილ შემთხვევებთან ჰქონდათ კონტაქტი.
4 შემთხვევა გამოვლინდა აჭარაში, 2 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 2 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი ანუ ქობულეთში, კაფე "ჰავანას" ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტები. უკვე დასრულებულია მისი კავშირების დადგენა, რომელთა რაოდენობა 54-ს შეადგენს, საიდანაც 25 პირის კვლევის მონაცემები გადაგზავნილია შესამოწმებლად.
"ძალაში რჩება რეკომენდაცია და მოწოდება - მსურველებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჰქონდათ ამ კაფესთან ან აღნიშნულ პირებთან რაღაც სახის კონტაქტი შეუძლიათ PCR კვლევა ჩაიტარონ ქობულეთშივე, ეს გახლავთ კლინიკა "მედჰაუსი", პირველი საათიდან დღეს და საერთო რეკომენდაცია არის ყველასთვის, როგორც ამ ქობულეთის შემთხვევებთან დაკავშირებული, ასევე ზოგადად. რაიმე ჩივილის გამოვლენის შემთხვევაში, ეს იქნება ტემპერატურა, თუ სხვა უკვე გავრცელებული სიმპტომები, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ ცხელების ცენტრებს," - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ნონა ეფაძემ.