19 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
ავტომობილი, რომელშიც გოგონა გარდაცვლილი იპოვეს 5 დღე შემთხვევის ადგილზე არ მდგარა - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი 

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ გარემოებებზე ოჯახის ადვოკატი და ოჯახი პრესკონფერენციას მართავენ.

ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შემთხვევის ადგილთან დაკავშირებით დღემდე უცნობი დეტალები გამოიკვეთა. საუბარია თეთრიწყაროს ტყეზე, სადაც ახალგაზრდა პროგრამისტი, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ავტომობილი, რომელშიც გოგონა გარდაცვლილი იპოვეს, 5 დღე შემთხვევის ადგილზე არ მდგარა.

"მოგეხსენებათ, როდესაც ავტომობილი აღმოაჩინეს და საუბარი იყო, რომ მთელი 5 დღის განმავლობაში ანუ 18 ივლისიდან ავტომობილი იდგა იმ ადგილზე და შემთხვევით აღმოუჩენია მწყემსს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს ავტომობილი დგას, ყველანაირად მიმდინარეობდა დრონის მიერ იმ ადგილმდებარეობის დათვალიერება, ვერ მოახერხა დრონმა ეს ყველაფერი დაეფიქსირებინა. მე გარკვეული პერიოდი ვცდილობდი დავრწმუნებულიყავი, რამდენად სიმართლეს ამბობდნენ პოლიციელები, მაგრამ დავრწმუნდი, რომ არის აბსოლუტურად ძალიან დიდი სიცრუე," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, ისინი ხვალ გენერალურ პროკურორს ისევ შეხვდებიან.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დღის ამბები