19 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
ავტომობილი იქ მიყვანილია, გოგონა მოკლულია სხვაგან - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის მკვლელობის ვერსიის მუხლით გამოკვლევას მოითხოვს. თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარე გამოძიების პროცესში კვალიფიკაციის შეცვლის მოთხოვნით, გარდაცვლილის მშობლები გენერალურ პროკურატურაში მიდიან.

დღეს გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის ოჯახის წევრების ირაკლი შოთაძეს კიდევ ერთხელ შეხვდებიან რა დროსაც, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გააცნობენ ექსპერტიზის დასკვნასაც. თუმცა, რა დასკვნაზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია. შეხვედრას ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც დაესწრება. 

"ავტომობილი იქ არის მიყვანილი, გოგონა არის სხვაგან მოკლული, არათუ თვითმკვლელობა, მოკლულია თამუნა და, შესაბამისად, ამაზე დეტალურად მინდა მივიღო პასუხი პროკურორისგან. კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს აუცილებლად. მეორე იქნება ის, რომ ამ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ავტომობილი იქ ვერ იდგებოდა, იმიტომ, რომ დასტურდება გადაადგილება ნახირის და, შესაბამისად, ავტომობილი არის მიყვანილი, რაც უკვე საფუძველია ვიფიქროთ, რომ თვითმკვლელობაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ერთ-ერთი ძირითადი რაც არის, აუცილებლად უნდა გვქონდეს ჩვენ ექსპერტიზის დასკვნები, რითაც საშუალება მოგვეცემა გავიგოთ, თუ რამ განაპირობა თამუნას გარდაცვალება და ამავდროულად, რაც მთავარია, როდის მოხდება ექსპერტების უშუალო მონაწილეობა FBI-დან,"-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დღის ამბები