მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დაიწყო. აღნიშნული პროცესით სასამართლო ექვსი არასრულწლოვნის საქმის არსებით განხილვას იწყებს. მხარეები მცხეთის რაიონულ სასამართლოში შეიკრიბნენ.
დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.
"მხარეები, კერძოდ ბრალდების მხარე, ასევე დაცვის მხარე წარმოადგენენ შესავალ სიტყვას. შემდეგ უკვე დაიწყება მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი. პირველ ეტაპზე იქნება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, შემდგომ დავიწყებთ უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას. ბრალდებულები დააფიქსირებენ მის პოზიციას. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება ზ.ხ.-ს შემხებლობა გარდაცვლილ შაქარაშვილთან და ის ბრალი, რაც მას ბრალად აქვს შერაცხული. ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, შემდეგ უკვე მოხდება იმ მოწმეების გამოკითხვა, მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა დღევანდელ პროცესზე," - აღნიშნა არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.
"პოზიცია ბრალთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არ შეგვიცვლია და მივიჩნევთ, რომ წარდგენილი ბრალი არის თითიდან გამოწოვილი და არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ფაქტობრივ გარემოებებს. აქედან გამომდინარე კანონთან კონფლიქტში მყოფი ნ.ც.-ს პოზიცია ბრალთან მიმართებაში არის ის, რომ იგი არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო სხდომას დაცვის მხარე ყურადღებას გაამახვილებს შესავალ სიტყვაში მის სტრატეგიაზე, თუ რა პრინციპით იმოქმედებს იგი მომავალში მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცედურების განხილვისას," - განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანისა და არასრულწლოვან ნ. ც.-ს ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.
ნ.ქ-ს ადვოკატი დალი იმნაიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.
არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატის ზაქარია გვიშიანის თქმით კი, შესაძლოა განხილულ იქნეს აღმკვეთის ღონისძიების საკითხი.
შესავალი სიტყვის შემდგომ შუამდგომლობა ექნება ბრალდების მხარეს. პროკურორის თქმით, მათ სასამართლოს ახალი მტკიცებულება უნდა წარუდგინონ.
"ბრალდების მხარეს აქვს შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულების წარდგენის შესახებ, რომელსაც ვფიქრობთ, რომ სასამართლო დაუშვებს, ვინაიდან დასაბუთებულია ჩვენი შუამდგომლობა. ასევე დღევანდელ პროცესზე წარადგენს ექვსივე არასრულწლოვნის მიმართ შესავალ სიტყვას. ჩვენ სასამართლოს მივუთითებთ იმ ძირითად მტკიცებულებებზე. ბრალდების მხარეს აქვს გონივრული მოლოდინი, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ სასამართლო ექვსივე არასრულწლოვნის მიმართ გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს. ბრალდების მხარეს წარდგენილი აქვს გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე ჩატარებული დამატებითი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დამატებითი ვიდეო-მასალა. ამ ვიდეო მასალაზე დაფიქსირებული არის ბრალდებულების გადაადგილება მცხეთიდან თბილისში. ორგანიზება დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ მათი გადაადგილება თბილისიდან მცხეთის მიმართულებით და დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება," - აღნიშნა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია.