პროკურატურამ პანკისში, ჩაცმულობის გამო მამასა და მის არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას მთავარი საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
"პროკურატურამ პანკისში დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ცემისთვის ი.ფ-ს, ა.ბ-ს და ა.ი-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 8 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფელ ყვარელწყალში, ი.ფ. შორტებში ჩაცმულ ნ.წ-ს იმ მოტივით, რომ აღნიშნული ჩაცმულობა ეწინააღმდეგებოდა მის ადათ-წესებს, ფიზიკურად გაუსწორდა. ამასთან, ი.ფ-მ, ა. ბ-მ და ა.ი-მ იმავე მიზეზით ჯგუფურად სცემეს ნ.წ-ს არასრულწლოვან შვილს გ.წ.-საც. აღნიშნულის შედეგად მამა-შვილმა - ნ.წ.-მ და გ.წ.-მ მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის ნ.წ.-მ - სხივის ძვლის მოტეხილობა.
ნ.წ.-ს და გ.წ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 9 აგვისტოს დაიწყო.
ი.ფ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად ცემისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 53"-126 მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვე პუნქტებით და 53"-118 მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო ა.ბ-ს და ა.ი-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯგუფური ცემისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 53" -126 მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ა" და "ბ" ქვე პუნქტებით დღეს, 22 აგვისტოს წარედგინათ,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა.