19 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
შავი ზღვის სანაპირო ზოლში ჩატარებული 342 ტესტიდან კორონავირუსი არცერთ შემთხვევაში არ გამოვლინდა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლში კორონავირუსზე ჩატარებული 342 ტესტიდან ყველას პასუხი უარყოფითი იყო. 

მისივე თქმით, კორონავირუსზე განმეორებითი ტესტირება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის მოსახლეობის 60%-საც ჩაუტარდა. 

"ბოლო თვის განმავლობაში, ჩვენ, საშუალოდ, დღეში გვაქვს 4830 PCR ტესტირება. იყო დღეები, როდესაც დღის განმავლობაში 5000-დან 6000-მდე ტესტი იყო, მთლიანად ქვეყანაში, იანვრის ბოლოდან მოყოლებული, ჩატარებულია 350 000 PCR ტესტი.

ამასთან, პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს სწრაფი, ანტიგენზე და ანტისხეულზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლებიც ძირითადად გამოიყენება საზღვრებზე შემოსულ მძღოლთა სწრაფი კონტროლისთვის.

ასევე, გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს რამდენიმე წერტილში, განსაკუთრებით ეს ხდება მესტიის მუნიციპალიტეტში.

ლენჯერის მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს ახალ კორონავირუსზე განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდა. ჩვენ იქ განმეორებითი ტესტირებისას 7 ადგილობრივი და ლენჯერთან დაკავშირებული 4 შემთხვევა გვქონდა.

ასევე, ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც. ბათუმსა და ქობულეთში. გუშინ ჩაერთო შეკვეთილის სამედიცინო დაწესებულება, სადაც 3-4 დღის განმავლობაში ჩატარებულია 342 ტესტი. არც ერთ შემთხვევაში არ იყო დადასტურებული კორონავირუსის დადებითი შემთხვევა,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები