აქცია ოკუპირებულ ცხინვალში - აქციის მონაწილეები 28 აგვისტოს ცხინვალის იზოლატორში, სავარაუდოდ, ცემით მოკლული ინალ ჯაბიევის საქმის ობიექტურ გამოძიებას, საქმეში მონაწილე ყველა პირის დასჯასა და საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომას ითხოვენ.
საპროტესტო გამოსვლები ოკუპირებულ რეგიონში მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში ჯაბიევის ფოტოები გავრცელდა.
დემონსტრაციას დე ფაქტო პრემიერის გადადგომა და მთავრობის დათხოვნა მოყვა. დე ფაქტო პროკურორის გადადგომას დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებიც ითხოვენ.
29 აგვისტოს 23-მა დეპუტატმა დე ფაქტო პრეზიდენტის სახელზე მიმართვის ტექსტი შეადგინა, ისინი ე.წ. გენერალური პროკურორის გადაყენებას მოითხოვენ.
28 წლის ინალ ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო შინაგან საქმეთა დე ფაქტო მინისტრის მანქანის დაცხრილვაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იზოლატორში ამ საქმეზე დაკავებულ მეორე პირსაც სცემეს და ის მძიმე მდგომარეობაშია.