თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავს. მთავარი მოთხოვნა მუხლის გადაკვალიფიცირებაა.
ოჯახი ითხოვს, რომ გამოძიება არა თვითმკვლელობამდე მიყვანის, არამედ მკვლელობის მუხლით გაგრძელდეს. ისინი ირწმუნებიან, რომ პროკურატურის მასალებში დევს ბევრი ისეთი მტკიცებულება, რომელიც მათ ვერსიას ამყარებს.
კიდევ ერთი მოთხოვნა იმ კადრების სრულად გასაჯაროებას ეხება, რომელიც საქმეში დევს და რომელიც 3 მანქანის გადაადგილებას ასახავს.
ბაჩალიაშვილის ოჯახი იმ წერილების გაშიფვრას ითხოვს პროკურატურისგან, რაც გარდაცვალების შემდეგ სახლში და მანქანაში იპოვეს.
ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ fbI საქმეში ბოლომდე უნდა იყოს ჩართული.
"უამრავი კითხვაა, ვითხოვთ რომ საქმეში FBI იყოს ბოლომდე ჩართული. დროზე გადმოაგზავნონ და მოითხოვონ ის მონაცემები, რაც ლეპტოპიდან არის წაშლილი,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.