19 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
კორონავირუსზე ყველა ჩვენგანი გაიტესტა, ინფექცია არ დაგვიდასტურდა - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ოფისის თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა, ტესტირება ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" სათაო ოფისში თანამშრომლების მისვლა გარკვეულწილად შეიზღუდა, ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფები კი თვითიზოლაციასა და კარანტინში იმყოფებიან. 

"ამ ოფისის ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი, შესაბამისად, პროტოკოლის დაცვით, ვინც იყო მასთან უშუალო შემხებლობაში, ისინი გადავიდნენ კარანტინში, თვითიზოლაციაში - როგორც მიუთითებენ ეპიდემიოლოგები, ამას ჩვენ არ განვსაზღვრავთ. დანარჩენები დადიან შეზღუდულ რეჟიმში, რადგან შტაბის მუშაობა არ უნდა გაჩერდეს, მაგრამ უშუალო შეხებაში ვინც არ იყო და ვისზეც არის რეკომენდაცია, რომ მას შეუძლია იაროს, ისინი დადიან. მაგრამ მათი რაოდენობა შევზღუდეთ დროებით. ყველა ჩვენგანი გატესტილები ვართ, უარყოფითი პასუხი გვაქვს, არ დაგვიდასტურდა ინფექცია.

რაც შეეხება არჩილ თალაკვაძის დაცვის წევრს, ასეთი არის ერთი, ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან. აქედან გამომდინარე, არჩილ თალაკვაძე რეკომენდაციების შესაბამისად გადავიდა თვითიზოლაციაში ოჯახის წევრებთან ერთად,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარტიის გენერალური მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოფისში სრული დეზინფექცია ჩატარდა. 

"ოფისში ჩატარდა სრული დეზინფექცია და განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული შტაბის მუშაობა. უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს. ეს არ შეაფერხებს ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიას, კამპანია აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება. ტესტირება მეც გავიარე, შტაბის სხვა წარმომადგენლებმაც. ზოგადად, ოფისში ყველა თანამშრომელმა გაიარა ტესტირება, მათ შორის, ჩვენც. პროტოკოლით რაც იყო გათვალისწინებული, ის ზომები იქნა მიღებული," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც კორონავირუსი  "ქართული ოცნების" ოფისის საწყობის თანამშრომელ ქალს დაუდასტურდა, ვირუსი აღმოაჩნდა მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს, რომელთაგან 2 "ქართული ოცნების" ოფისის თანამშრომელია. მათ შორის არიან დამლაგებელი და სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი.

დღის ამბები