ზუსტად 24 დღის შემდეგ დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები სრულად მოხსნილია. აქ სამართალდამცავებმა ბლოკპოსტები წუხელ გვიან ღამით აიღეს, შესაბამისად, მოქალაქეები მესტიის მიმართულებით და პირიქით თავისუფლად გადაადგილდებიან.
მესტიას ტოვებენ სტუმრებიც, რომლებიც კარანტინის გამო აქ ჩარჩნენ. რეგიონიდან გადიან ადამიანებიც, რომლებმაც აქ კარანტინი გაიარეს. ამ ხნის განმავლობაში მესტიაში მოქმედებდა სხვადასხვა შეზღუდვა, ღია იყო მხოლოდ ღია ტიპის კვების ობიექტები, სავაჭრო ობიექტები და აფთიაქები.
რაც შეეხება სასტუმროებს, ისინი საკარანტინო სივრცეებად გამოიყენეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დისკომფორტის მიუხედავად, საკვებისა და წამლების დეფიციტი არ შექმნილა და საშემოდგომო სამუშაოებზე გასვლასაც ახერხებდნენ.
ადგილზე მუშაობდნენ ეპიდემიოლოგები, ჩატარდა მასიური თერმოსკრინინგი და ტესტირება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, რეგიონში სულ 5000-მდე PCR კვლევა ჩატარდა.
"დღეიდან, მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები სრულად მოიხსნება. მოსახლეობის თერმოსკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს, ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდა 5000-მდე PCR კვლევა, აქედან, 1500-მდე იყო მეორადი კვლევა. მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება,"-განაცხადა ნინო ვიბლიანმა.
ბოლო რამდენიმე დღეა, მუნიციპალიტეტში "კოვიდ 19"-ის ახალი დადასტურებული ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერის გახსნამდე, 21 აგვისტოს ზემო სვანეთის სხვა ყველა სოფელი გაიხსნა. აქ კარანტინი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 10 აგვისტოს მას შემდეგ დაწესდა, რაც სოფელ ლენჯერში კორონავირუსის ერთდროულად 17 შემთხვევა დადასტურდა.