08 სექტემბერი 2026,   15:39
ვრცლად
ტელევიზიაში COVID-19-ის დაფიქსირების გამო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებები ეთერში ვერ გავა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება 12 საათზე ეთერში არ გადის - მიზეზი ტელევიზიაში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევაა.

ეს პირველი ფაქტია, როცა მედიის თანამშრომელი დაინფიცირდა, მალე ტელევიზიაში ეპიდემიოლოგები პროტოკოლით დადგენილ სამუშაოებს დაიწყებენ და კავშირებს გამოიკვლევენ.

ვირუსი ტელევიზიის საკადრო სამსახურის თანამშრომელს დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ მას სხვა არხის თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია. 

"ამ დროისთვის ტელევიზიაში მუშაობს ორი ადამიანი იმისათვის, რომ მაუწყებლობა არ შევწყვიტოთ. ველოდებით ეპიდემიოლოგებს, რომ კვლევა ჩაატარონ. ჩვენ ვერ დავაყენებთ ვერც საკუთარ თანამშრომლებს რისკის ქვეშ და ვერც საზოგადოებას, ამიტომ ჯერჯერობით საინფორმაციო გამოშვებები ეთერში ვერ გავა.

თუმცა, განხორციელდება საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" ტრანსლირება აჭარის ტელევიზიის ეთერში და როდესაც იქნება სპეციალისტებიდან შესაბამისი რეკომენდაციები, რომ გავნაგრძოთ სრულყოფილი მუშაობა, ამის შემდეგ გავა ჩვენს ეთერში საინფორმაციო გამოშვებები," - აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულმა პრევენციის მიზნით, ტესტი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ კარავში ჩაიტარა, რომლის შემდეგაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა. "კურიერის" ინფორმაციით, ტელევიზიის თანამშრომელი შემხებლობაში იყო საკონდიტრო მაღაზია "დონასთან". 

აჭარის ტელევიზიასა და რადიოში, 300-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

დღის ამბები