დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ქვეყანაში 25-მდე გაიზრდება იმ ლაბორატორიების რაოდენობა, სადაც კორონავირუსის დიაგნოსტირება მოხდება.
მისივე განცხადებით, შეძენილია 135 ათასი გრიპის ვაქცინა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, რისკ ჯგუფში მყოფი პირები აიცრებიან.
"დღეს მოქმედებს სახელმწიფო და კერძო 21 ლაბორატორია და კიდევ ემატება რამდენიმე ლაბორატორია. ალბათ, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე 25-მდე ავალთ. ყველა ამ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი მოლეკულური ტექნოლოგიით დიფერენციარული დიაგნოსტიკა, არის გრიპის ვირუსი, თუ კორონავირუსული ინფექცია.
შესყიდული გვაქვს 135 ათასი გრიპის ვაქცინა, რომელსაც ველოდებით ოქტომბრის 10-დან 15-მდე. სამწუხაროდ, მსოფლიოში ე.წ. დასავლური წარმოების ვაქცინების ძალიან დიდი დეფიციტია. შარშან გვქონდა 100 ათასი, წელს 135 ათასი ვიყიდეთ. ახლა არის მცდელობა, კიდევ 100 ათასის დამატებით ყიდვის, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდი დეფიციტია, ვცდილობთ, სხვადასხვა ბაზარზე დამატებითი 100 ათასის მოპოვებას.
გრიპის აცრაზე ჩვენთან კულტურა საკმაოდ გაიზარდა, 2015-ში ავცერით 5 ათასი, შემდეგ 10, შემდეგ 20, შემდეგ 40 ათასი და შარშან 100 ათასი.
წელს მოთხოვნა მეტი იქნება, ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო აცრებით, პირველ რიგში, აიცრებიან რისკ ჯგუფები - ორსულები, მოხუცები, ბავშვთა სახლებში მყოფი ადამიანები, დიაბეტიანები და ჩემი კოლეგები, რადგან წინა ხაზზე ვართ, განსაკუთრებით ჰოსპიტალურ და ამბულატორიულ სექტორში მომუშავე სამედიცინო პერსონალი. წელს კერძო სექტორიც აქტიური იქნება და მოგიწოდებთ იმ ჯგუფებს, რომლებიც არ შედიხართ რისკ-ჯგუფში, აიცრათ გრიპის საწინააღმდეგოდ,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ აჭარის ტელევიზიაში კორონავირუსით ინფიცირებული თანამშრომლის შემთხვევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტელევიზიის ყველა თანამშრომელი გამოკვლეულია და ყველა პასუხი უარყოფითი იყო. მისივე ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა.