ვინ გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორი, ხვალ გაირკვევა. დღეს სამეურვეო საბჭომ მეორე ტურში გადასულ სამივე კანდიდატს მოუსმინა. თინათინ ბერძენიშვილმა, ირმა სოხაძემ და ხათუნა ლაგაზიძემ მაუწყებლის განვითარების საკუთარი ხედვები წარადგინეს.
მეოთხე კანდიდატმა, სანდრო ვახტანგოვმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. სხდომა ხვალ დაინიშნა, კანდიდატმა საბჭოს 9 წევრიდან მინიმუმ 6-ის ხმა უნდა მიიღოს.
"რა არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რა არის მისი განვითარების ხედვა, კონკრეტული გეგმა იმ ნაწილში, რომ მას აქვს დიდი გამოწვევა ტექნიკური გადაიარაღების და ამ შენობიდან სხვაგან გადასვლის, ეს არის პროცესი, რომლის მართვა უნდა შეეძლოს გენერალურ დირექტორს. როგორ უნდა ფასდებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. უნდა ჰქონდეს თუ არა რეიტინგი - დიახ, უნდა ჰქონდეს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი შეფასების კრიტერიუმი,"-განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატი ირმა სოხაძე აცხადებს, რომ გასაუბრებაზე ბორდის წევრები ძალიიან კეთილგანწყობილები იყვნენ მის მიმართ.
"ბორდი იყო ძალიან კეთილგანწყობილი, ძალიან დამეხმარა, რომ მეთქვა ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა.არაფერი დამავიწყდა, არაფერი გამომრჩა. კითხვებიც ძალიან საქმიანი იყო და არსობრივი და, მგონი, გავუგეთ ერთმანეთს, რა მინდა მე, რა უნდა საბჭოს და, რაც მთავარია, რა უნდა ხალხს,"- განაცხადა ირმა სოხაძემ.