აჭარაში კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის ახალი პროტოკოლი ამოქმედდა - ინფიცირებიდან მე-10 დღეს უსიმპტომო პაციენტები მკურნალობას ბინაზე გააგრძელებენ. განცხადება აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ინფექცია 8 დღის განმავლობაში გადამდებია და ინფიცირებული მხოლოდ ამ პერიოდის განმავლობაშია სახიფათო.
დღეს ბათუმის კოვიდცენტრებიდან და საკარანტინო ზონებიდან 400 უსიმპტომო პაციენტის გაწერა იგეგმება. ნინო ნიჟარაძეს ამბობს, რომ რეგიონში ეპიდვითარება დაძაბულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება. ახალი პროტოკოლის ამოქმედებით აჭარაში საწოლფონდის პრობლემა მოიხსნება.
"ჩვენს რეგიონში ხედავთ უკვე, რომ სიტუაცია რჩება ეპიდემიოლოგიურად დაძაბული და ჩვენ ალბათ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით მომდევნო 1-2 კვირა შესაძლოა გვქონდეს აღნიშნული დონე, მაგრამ იმ აქტიური ეპიდსაწინააღმდეგო, შემაკავებელი ღონისძიებებით და ლოკალური შემზღუდავი ღონისძიებებით ველოდებით უკვე შემთხვევების შემცირებას.
პირი, რომელიც უსიმპტომოა, პირველადი ტესტირებიდან 10 დღის შემდეგ უკვე დატოვებს ამ სივრცეს PCR დიაგნოსტიკის გარეშე, ასევე მოიხსნება ონლაინ მეთვალყურეობის სისტემიდან," - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.