08 მაისი 2024,   15:47
ვრცლად
შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სულ უფრო მძიმე ფაზაში გადადის

შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სულ უფრო მძიმე ფაზაში გადადის.

არაღიარებული მთანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსხვერპლის რიცხვი 95-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. აზერბაიჯანის მხარე კი აცხადებს, რომ შეტევებს 84 სამხედრო ემსხვერპლა. ცეცხლი მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა.

საერთაშორისო მედიაში გამოჩნდა ცნობები, რომ აზერბაიჯანის დასახმარებლად ბრძოლაში სირიელი მებრძოლებიც ერთვებიან, თუმცა ამ ფაქტს ოფიციალური ბაქო დეზინფორმაციას უწოდებს.

"29 სექტემბერს დილიდან გრძელდება აზერბაიჯანის არმიის შეტევა ქალაქ ფიზულის გათავისუფლებისთვის. სომხეთის ტერიტორიიდან დაშქესანის რეგიონი იბომბება. სომხეთი განაგრძობს პროვოკაციას. არც ერთი გათავისუფლებული ტერიტორია არ დაგვიკარგავს," - აღნიშნულია განცხადებაში.

ინტენსიური დაბომბვის ვიდეომასალას აქვეყნებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. უწყებამ კორექტივები შეიტანა მოწინააღმდეგის განადგურებული ტექნიკის ჩამონათვალში.

კონფლიქტის ზონის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროც. პარალელურად გრძელდება ომი განცხადებების დონეზეც. ერევანი ბაქოს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის დაშქესანის რაიონის სარაკეტო დაბომბვის შესახებ ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.

"დაშკესანის მიმართულებით  აზერბაიჯანული მხარე ნიადაგს ამზადებს ახალი საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად. ჩვენი შეიარაღებული ძალები აგრესიის შემთხვევაში პასუხს არ დააყოვნებენ. მოწინააღმდეგე დეზინფორმაციის საშუალებით ცდილობს რეგიონში არეულობა გამოიწვიოს, თუმცა ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აზერბაიჯანულ მხარეს - შეწყვიტოს საბრძოლო ქმედებები, რითაც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას," – აღნიშნულია შუშან სთეფანიანის განცხადებაში.

დღის ამბები