ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" საოლქო კომისიასა და "ქართულ ოცნებას" კოორდინირებულ მუშაობაში ადანაშაულებენ.
პარტიის წევრებმა დღეს ოლქში სია წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, იმ პიროვნებების იდენტიფიცირებაა, რომლებიც დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებში თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნების პოზიციებზე განიხილებიან. მათივე მტკიცებით, ყველა მათგანი მმართველ პარტიასთანაა დაკავშირებული.
ოპოზიციური პარტიის წევრები სწრაფ რეაგირებას ითხოვენ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ოქმებს დაემთხვევა.
თავის მხრივ, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ამბობს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიიის თითოეული წევრი კომპეტენციისა და შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა და ოლქი მათ გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა. გარდა ამისა, მესხის თქმითვე, საოლქო კომისიის წევრების ნათესაურ კავშირებს არ ადგენს და საუბნო საარჩევნო კომისიებში სხვადასხვა პოზიციაზე პირებს კანონის სრული დაცვით, გამჭვირვალედ აირჩევენ.