19 ნოემბერი 2024,   07:16
ვრცლად
თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება

თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება. ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფროსის, გიორგი ბერიძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თავის მოვალეობას აგრძელებს.

მისი თქმით, თენგიზ ცერცვაძე მმართველი გუნდისა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერად რჩება, თუმცა, პარლამენტში დეპუტატად თუ თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე მოღვაწეობის სურვილი არასდროს ჰქონია. 

"დღეს ძირითადი თემა ქართულ მედიასა და საზოგადოებაში იყო თენგიზ ცერცვაძის თანამდებობის დატოვება-არ დატოვების საკითხი. ამ დროისთვის, ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე რჩება თავის თანამდებობაზე, აგრძელებს დაკისრებულ მოვალეობას, მართავს კოვიდ ცხელების ცენტრების და კლინიკების მართვას. მას ხვალ დაგეგმილი აქვს აჭარის რეგიონში ვიზიტი, ბათუმში, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებულია, რათა თავის გუნდთან ერთად გაუწიოს კოლეგებს აჭარაში კონსულტაცია. გარდა ამისა, ბატონი თენგიზისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერად.

მე ინფორმაცია არ მაქვს პრემიერ-მინისტრთან ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ. ერთადერთი, მქონდა ორჯერ კომუნიკაცია და მან მითხრა, რომ 7 საათისთვის იქნებოდა სამსახურში, და მეორედ, როდესაც მოვიდა და გადმომცა ინფორმაცია, რაც საზოგადოებისთვის და ჟურნალისტებისთვის უნდა მიმეწოდებინა მისი გეგმების შესახებ.

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, არც არასდროს ჰქონია სურვილი, ყოველი შემთხვევისთვის, ამ მოწვევის პარლამენტში მოხვედრილიყო თენგიზ ცერცვაძე, თუნდაც, მაგალითად, დაეკავებინა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა,"-განაცხადა გოგა ბერიძემ.

 

დღის ამბები