პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ქვეყანაში სუროგაცია უკონტროლო გახდა.
მისივე თქმით, მოსალოდნელი საფრთხეებიდან გამომდინარე, ის ქვეყანაში სრულად უნდა აიკრძალოს.
"კომერციული სუროგაცია ჩვენს ქვეყანაში უკონტროლო გახდა. ევროპის ბევრ ქვეყანაშია აკრძალული. იმდენად ფარული ურთიერთობის საგანია, რომ ამის კონტროლი თითქმის შეუძლებელია. ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა ნებისმიერი ტიპის სუროგაციაზე.
ჩვენთანაც არაჯანსაღი ფორმები მიიღო. ბევრი ქალის ტრეფიკინგიც კი ხდებოდა. ჩამოჰყავდათ ქალები, რომლის ექსპლუატაციასაც ეწეოდნენ და ახლაც ეწევიან, სანამ არ აიკრძალება. მშობიარობის რამდენიმე ეტაპს გადიოდნენ იმის გამო, რომ ორი კაპიკი ეშოვათ და ოჯახში შეეტანათ, ფაქტობრივად ტრეფიკინგის უკანასკნელი ფორმა მიიღო ამ ყველაფერმა.
ეს ეკლესიამ შეამჩნია. ჩვენც გავიზიარეთ მათი არგუმენტები. ეს უკონტროლო სიტუაცია უნდა აღიკვეთოს საქართველოში, რადგან ცუდი რაღაცების მომტანია", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.