"ევროპულმა საქართველომ" მარნეულში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ახმედ იმამკულიევი წარადგინა.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ "ევროპული საქართველოს" ამოცანა იმ გარდამტეხი ცვლილებების განხორციელებაა, რასაც ხალხი მარნეულსა და მთელს საქართველოში 31 ოქტომბრის შემდეგ ელოდება.
"ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებისთვის სრულიად უშედეგოდ დასრულდა. ამ ადამიანებს ვერ დააშინებ, ვერაფერს ვეღარ აუკრძალავ და ვეღარ აიძულებ ხმა მისცენ გაჭირვების, სიღარიბის და კრიზისის გაგრძელებას. ხალხს უნდა ცვლილებები, ითხოვს უკეთესობას. "ევროპული საქართველოს" ამოცანაა, რომ 31 ოქტომბერს მარნეულის მცხოვრებლებსაც და მთელს საქართველოსაც მოუტანოს სწორედ ის გარდამტეხი ცვლილებები, რომელსაც ელოდება ხალხი,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ახმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ საქართველოში ოლიგარქის ერთპარტიული მმართველობა უნდა დამთავრდეს.
"დავამთავროთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ოლიგარქის მმართველობა საქართველოში. ცვლილება არის საქართველს ყველა მოქალაქისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ცხოვრობს საქართველოში, ეს იქნება საბავშვო ბაღში მისული ბავშვი, სკოლის მოსწავლე, პენსიონერი თუ სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანი,"-განაცხადა ახმედ იმამკულიევმა.