20 აპრილი 2024,   10:48
ვრცლად
მარნეულში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ლაშა ქველაძე დააკავეს

მარნეულში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, რა დროსაც მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ლაშა ქველაძე დააკავეს. ის დღეს განყოფილებაში იყო დაბარებული.

განყოფილებაში შესვლამდე ქველაძემ განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები შემთხვევის შედეგად დაზარალდნენ, თუმცა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა დღეს ის  თავად დაეკავებინათ.

"ვფიქრობ, რომ როგორც ბოლნისში გააკეთა ხელისუფლებამ რომ ჩვენი აქტივისტი სცემეს და მერე პირიქით ისევ ჩვენი აქტივისტი დააკავეს, შეიძლება ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ფიზიკურად გაგვისწორდნენ, სამი პიროვნება ავტომობილში გვცემეს, შეიძლება ხელისუფლება იგივე პროცედურის განმეორებას აპირებს აქაც, რომ დამაკავონ მე იმის მიზნით, რომ გამაჩუმონ," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტმა ლაშა ქველაძემ.

მისი ადვოკატი დაკითხვაზე შესვლამდე მიიჩნევდა, რომ ქველაძეს დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებდნენ, თუმცა ის დააკავეს.

ინცინდენტის პროვოცირებაში "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.

ამ დროისთვის პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს მარნეულის დაპირისპირებაში მონაწილე "ქართული ოცნების" 2 აქტივისტი. გამოძიება ჯგუფური ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები