არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით სასამართლო რეფორმის 10 პუნქტიან კონცეფციას ხელი პოლიტიკურმა პარტიებმა მოაწერეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას, რადგან სასამართლო სისტემის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლება უაღრესად მნიშვნელოვანია.
"არაფერი ისე არ სჭირდება საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი, პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებული პროფესიონალური, ნამდვილი დასავლური სტანდარტებითა და კონსტიტუციით მოქმედი სასამართლო. ეს სჭირდება საზოგადოებას, ადამიანების უფლებების დაცვას, ინვესტორს, რომელსაც არ სურს შემოვიდეს ქვეყანაში, სადაც არ არის არც კანონი, არც სამართალი. ამიტომ, მივესალმები "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" და პირადად ეკა გიგაურის ინიციატივას, შესანიშნავი გადაწყვეტილებაა და დიდი სიამოვნებით გაერთიანებული ოპოზიცია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ვაწერთ ხელს,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ეკა ბესელიას განცხადებით, აუცილებელი იყო ამ შეთანხმების მიღწევა და ამ მიმართულებით ხედვის გასაჯაროება.
"შეთანხმება უნდა ყოფილიყო მიღწეული, როგორ უნდა შეიცვალოს მართლმსაჯულების სისტემა და აუცილებელი გადაწყვეტილებები რაც გვჭირდება ყველას, ვინც მომავალში ვაპირებთ ამ რეფორმაზე ვიმუშაოთ, შევთანხმდეთ და ეს იყოს საჯაროდ გაცხადებული ხედვა, როგორ ვცვლით სასამართლოში კლანურ მმართველობას თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს სისტემით,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური პარტიების განაცხადი, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება იყოს დამოუკიდებელი, კლანური მმართველობა მოისპოს. მისივე თქმით, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, თუმცა ძირითად საკითხებზე - სამართლიანობაზე, გამჭვირვალობასა და დამოუკიდებლობაზე ყველა თანხმდება.