ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სააპელაციო სასამართლოში დღეს ბესიკ ხარძიანის კუს ტბის წილებთან დაკავშირებული პროცესი განახლდება. საქალაქო სასამართლომ წილების საკითხი 2014 წელს მოსარჩელე მხარის, ბესიკ ხარძიანის სასარგებლოდ გამოიტანა, თუმცა გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციოში გაასაჩივრა.
ბესიკ ხარძიანი პირველი პროცესის გამართვამდე ერთი დღით ადრე მოკლეს. ხარძიანის ოჯახი კუთვნილ 43-მ პროცენტს ითხოვს და ამტკიცებს, რომ ბესიკ ხარძიანის ის ციხეში წამების შედეგად დაათმობინეს. ხარძიანები დარწმუნებული არიან, რომ სააპელაციო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს.
"შპს "უომო სერვისი" არის ოფიციალურად, ოფშორებში რეგისტრირებული შპს, რომლის წარმომადგენლები ასაჩივრებენ, ვინაიდან, პირველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, იძულებით ჩამოართვეს მამაჩემს კომპანია.
ეს კომპანია ოფიციალურად არის რეგისტრირებული ოფშორებში, თუმცა მის უკან დგას ზურაბ ქურასბედიანი და მისი პარტნიორი გიორგი უდესიანი,"- ამბობს ბესიკ ხარძიანის შვილი, ადვოკატი ქეთევან ხარძიანი.