მკლავჭიდის ფედერაციაში დაპირისპირება გრძელდება. სპორტსმენები, რომლებიც კულტურის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ, ახლა გადაწყვეტილებას ელოდებიან, დანიშნავს თუ არა უწყება არჩევნებს.
პოზიციების დათმობას არ აპირებს სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც ამბობს, რომ პოსტიდან არ გადადგება.
ჯაჭვლიანმა სპორტსმენები დ მწვრთნელები გამგეობის სხდომაზე არ შეუშვა და დაცვის გაძლიერებული კორდონი დაახვედრა.
მკლავჭიდელებმა შენობაში შესვლა მოახერხეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სპორტსმენების ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ის თანხებია, რომელსაც ჯაჭვლიანი მათ წლების განმავლობაში სძალავდა. მას შემდეგ კი, რაც მათ ჯაჭვლიანს კუთვნილი პრემიებიდან თანხის განაწილებაზე უარი უთხრეს, მან მწვრთნელები სამსახურიდან დაითხოვა.
განსხვავებული ვერსია აქვს ფედერაციის პრეზიდენტს. ჯაჭვლიანი ირწმუნება, რომ მწვრთნელებს ლიცენზია არ აქვთ.
საქართველოს ნაკრების მკლავჭიდელი ვასილ დათუაშვილი აცხადებს, რომ სპორტის მინისტრის მოადგილემ საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.
"მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2"-ის ტელევიზიაში ხალხმა ნახა, რაც მოხდა ფედერაციაში, ამის შემდეგ კომუნიკაცია გვქონდა სპორტის მინისტრის მოადგილესთან, მან რა თქმა უნდა, შეწუხებულმა დააფიქსირა რეალობა, რეალობა კი ისაა, რომ უსამართლობა ხდება სოსო ჯაჭვლიანის მხრიდან,"- განაცხადა ვასილ დათუაშვილმა.
საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის გენადი კვიკვინიას განცხადებით, სოსო ჯაჭვლიანი მკლავჭიდის ფედერაციას უნდა ჩამოშორდეს.
"ჩვენ დაგეგმილად არ მივყვებით არაფერს, ვითარება როგორც მოითხოვს ისე იქნება. მე მიჩივლა სოსო ჯაჭვლიანმა და სასამართლო მქონდა. ვიცი, რომ ერთ-ერთი ეტაპი იქნება სპორტის საათი და იქ ვისაუბრებთ," - განაცხადა გენადი კვიკვინიამ.
ავტორი: დათო ფრანგიშვილი