19 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
100-მდე მოწამლული ბავშვი ოზურგეთში - კლინიკის დირექტორის განცხადებით, სავარაუდო მიზეზი ნაწლავური ინფექციაა

მასობრივი ინტოქსიკაციის შემთხვევა ოზურგეთში. საბავშვო ბაღებში 100-მდე ბავშვი მოიწამლა. 4 საავადმყოფოში მოხვდა. მათ ნაწლავური ინფექცია აქვთ.

საერთო ჯამში საუბარია 11 სააღმზრდელო დაწესებულებაზე. სავარაუდო მიზეზად კვებითი ინტოქსიკაცია სახელდება.

იყო ვერსია ენტეროვირუსზეც, თუმცა ბაღები, სადაც ბავშვები ცუდად გახდნენ, სხვადასხვა სოფელსა და ტერიტორიულ ერთეულში მდებარეობს. სურსათის უვნებლობის სამსახურმა ექსპერტიზა უკვე დაიწყო.

ბავშვებს ჰქონდათ დიარეა, მაღალი ტემპერატურა, მუცლის და თავის ტკივილები. 11-ივე ბაღში სასწავლო პროცესი გაჩერებულია. ადმინისტრაცია ლაბორატორიიდან პასუხებს ელოდება.

"მედალფას"ოზურგეთის კლინიკის დირექტორის დავით მდინარაძის განცხადებით, ბავშვებს ყველა სახის კვლევა ჩაუტარდათ, მათ შორის შემოწმდნენ კორონავირუსზეც, როგორც ექიმი აცხადებს, სავარაუდო მიზეზი ნაწლავური ინფექციაა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსის მანანა ერქომაიშვილის თქმით, კვების პროდუქტები, რომელიც მიწოდებული იყო, ყველა არის შემოწმებული და შეესაბამება რეგულაციებს, ყველა პროდუქტის ეტიკეტირება იყო დაცული.

ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი მაკა ჭყონია კი აღნიშნავს, რომ შესაძლოა კვებითი ინტოქსიკაცია იყოს, თუმცა მოწამვლის ფაქტი მხოლოდ რამდენიმე ბაღში დაფიქსირდა,  მიუხედავად იმისა, რომ სადისტრიბუციო ქსელი ერთია და ყველა ბაღს ისინი ამარაგებენ.

დღის ამბები