19 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
ავტოსტოპის დროს შევიწროებული ქალის ისტორია - საფარი" სქესობრივ დანაშაულზე რეაგირებას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" სქესობრივ დანაშაულზე რეაგირებას ითხოვს.

დღეს პრესკონფერენციას ესწრებოდა ქალი, რომელიც ავტოსტოპით სამტრედიიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობისას მძღოლის მხრიდან შევიწროებაზე საუბრობს. სავარაუდო მსხვერპლი ჰყვება, რომ სამართალდამცავებს მაშინვე მიმართა და მოძალადის ავტომობილი სწორედ მათი დახმარებით დატოვა, თუმცა შემდგომი რეაგირება ფაქტს არ მოყოლია.

ქალის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" იცავს, რომელიც სავარაუდო მსხვერპლისთვის დაზარალებულის სტატუსსა და სისხლის სამართლის დანაშაულზე რეაგირებას ითხოვს.

"ბილწად მიხსნიდა, რომ უკან არის საწოლი და შორს წასვლა არ მოგვიწევდა. სექსის დეტალებს ზედმეტად ინტიმური სიტყვებით მიხსნიდა. რომ მივხვდი, რომ არ აჩერებდა, ვუთხარი, რომ გადავხტებოდი. ხელით მაჩვენა, რომ თავის მხარეს, კარებზე, რომ მანქანა არის "სეკრეტზე" და ჩათვალე, რომ მთლიანად ჩაკეტილი ხარო, მე ველაპარაკებოდი 112-ს, როგორც ჩემს მეგობარს, რომელიც მელოდებოდა თბილისში, მთხოვა, რომ მიაწოდეო მძღოლს ტელეფონიო და უთხრა, რომ გაეჩერებინა, გამიჩერა მანქანა და ჩამოვედი," - განაცხადა სავარაუდო მსხვერპლმა. 

"სქესობრივი დანაშაულების გამო, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე დანაშაულებია, არ ხდება დაკავება ამ პირებისა და ასევე, პრობლემა არის, ის, რომ გამოძიება ყოველთვის ჭიანურდება, მაშინ, როდესაც არის დაზარალებულის ჩვენება, სხვა გარემოებებიც მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაული ნამდვილად მოხდა," - აღნიშნა "საფარის" აღმასრულებელი დირექტორმა ბაია პატარაიამ.

დღის ამბები