შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატს ხატია დეკანოიძეს პასუხობს.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, პოლიციელები, რომლებმაც საკუთარი ხმის მიცემის უფლება მოითხოვეს, პასუხად იღებენ, რომ ისინი არჩევნების დღეს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ და ხმის მიცემას ვერ შეძლებენ.
შს სამინისტროს დაცვის პოლიციაში კი განმარტავენ, რომ დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი წინასწარ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ დგინდებოდა სპეციალური სიები იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ჩაწერილები არიან რეგიონებში და არჩევნების დღეს სამსახურებრივ მოვალეობას თბილისში ასრულებდნენ.
"ნატალია ზარდიაშვილს არ მოუმართავს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. იგი მის უშუალო ხელმძღვანელს დაუკავშირდა მხოლოდ 30 ოქტომბერს, რა დროსაც მას განემარტა, რომ დროული მომართვის შემთხვევაში მოხდებოდა მისი სპეციალურ სიაში ჩასმა ან მორიგეობის გადაცვლა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ბრძანების თანახმად, დაუშვებელია, პოლიციელის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად," - აცხადებენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში.