04 სექტემბერი 2026,   11:58
ვრცლად
Covid-19-ით ხონში ცოლ-ქმა­რი გარდაიცვალა - ოჯახის წევრები ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებზე საუბრობენ

6 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის თითქმის 15 ათასი აქტიური შემთხვევაა. სტატისტიკა დღეს ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევით გაიზარდა. 2775 ახალი ფაქტიდან გადანაწილების მიხედვით, საგანგაშოა თბილისის მაჩვენებელი. დედაქალაქში მხოლოდ დღეს ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა 1044-ით. თბილისში ასევე ყველაზე მეტი 8 ახალი ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება გარდაცვალების 22 ფაქტიდან. უცნობია, გახდება თუ არა ეს მაჩვენებელი დაანონსებული წერტილოვანი შეზღუდვების ამოქმედების საფუძველი.

კორონავირუსით ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათის სკოლის  პედაგოგი და მისი მეუღლე გარდაიცვალნენ. 54 წლის ქალი დაწყებითი კლასის დამრიგებელი იყო. როგორც სკოლაში აცხადებენ, გარდაცვლილი სკოლაში ბოლოს ორი კვირის წინ იყო, მას ტემპერატურა დაუფიქსირდა, მკურნალობდა და წუხელ  გარდაიცვალა.

ცოლ-ქმრის ინფიცირების შესახებ სოციალურ ქსელში მათმა შვილმა მარი კაკაურიძემ დაწერა. ის ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებზე საუბრობდა. როგორც მათი შვილი სოცქსელში წერს, მისი მშობლებისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი ვერც ერთ საავადმყოფოში ვერ იპოვეს. ისინი თავდაპირველად სახლში მკურნალობდნენ, დამძიმების შემდეგ კი  ქუთაისის კლინიკას მიმართეს, თუმცა მამაკაცის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი მიიღეს და ის საავადმყოფოდან გამოწერეს. შვილი იძულებული იყო მამა გორში წაეყვანა, თუმცა იქაც რეანიმაციაში ვერ მოათავსეს ადგილების არ არსებობის გამო.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 22 პაციენტიდან 6 აჭარაში გარდაიცვალა, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის გია კიკაბიძის თქმით, გარდაცვლილი პაციენტების ასაკი 66-84 წლამდეა.

დღის ამბები