20 აპრილი 2024,   06:36
ვრცლად
დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა - ადვოკატები ვაჟა სირაძის დაკითხვას ითხოვდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე დაკავებული სამი აქტივისტის პროცესი თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მთავარი მოთხოვნა, რომელიც დაცვის მხარემ პროცესზე დააყენა, ვაჟა სირაძის გამოკითხვაზე დაბარება იყო, თუმცა მათი შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. აქტივისტებმა დღესვე დეტალურად გაიხსენეს ინციდენტის დეტალები. როგორც ამბობენ, დაკავების მთავარი მოტივი შეშა გახდა, რომელიც, მათი მტკიცებით, გასათბობად სჭირდებოდათ.

3 დაკავებულიდან ერთ-ერთი, გიორგი მჟავანაძე პოლიციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებს. მჟავანაძის მონათხრობის საფუძველზე მოკვლევას უკვე აწარმოებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. საქმეში ჩართულია სახალხო დამცველიც. 

პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, დაკავებულების მხარდასაჭერად "სირცხვილიას" აქტივისტები და აქციის მონაწილეები სასამართლოს ეზოში შეიკრიბნენ.

ლექსო მაჭავარიანი, ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე სამართალდამცველებმა გუშინ, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის პარალელურად დააკავეს. მათ გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავება.

დღის ამბები