ბოლო 6 დღეში კორონავირუსის 19 128 დადასტურებული ფაქტია, გამოჯანმრთელდა 18 752 ადამიანი. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 159 პაციენტი. ვირუსის დინამიკა აღმავალია, მზარდი სტატისტიკური მონაცემები დღეს ისევ თბილისს, აჭარასა და იმერეთს უკავშირდება.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფეხბურთელებს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირებულია ნაკრების 10 ფეხბურთელი. დადასტურებული ფაქტის გამო კლუბმა ბათუმისა და თბილისის გუნდებთან დაგეგმილი 2 თამაში გადადო.
6 პაციენტი გარდაიცვალა იმერეთში. მათ შორის არის ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ავთანდილ ოსეფაიშვილი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 კვირა მკურნალობდა, თანმდევი დაავადებების გამო ექიმებმა 65 წლის კაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.
4 პაციენტი გარდაიცვალა აჭარის რეგიონში, სადაც დღეს კორონავირუსი ლაბორატორიულად 653 პირს დაუდასტურდა. მათ შორის ინფიცირებული არიან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე. კონსტანტინე ანანიაშვილმა ლაბორატორიიდან პასუხი დღეს მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რეკორდული სტატისტიკური მონაცემების გამო ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ საწოლფონდის გაზრდის კუთხით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
სამეგრელოში ფოთისა და რუხის კოვიდცენტრების მობილობის გაზრდა იგეგმება. კახეთში ხვალიდან მეორე კოვიდკლინიკა დაემატება. ასევე დაემატა კოვიდსასტუმროც, რომელიც 100 ადამიანზეა გათვლილი.
საქართველოს მასშტაბით კოვიდცენტრებსა და კლინიკებში 15 713 პირი მკურნალობს, აქედან 265 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.