კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 502 აჭარაში დადასტურდა. რეგიონში ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 11 ადამიანი. გარდაიცვალა პაციენტი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა, მას ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"პაციენტი ორი დღის შემოსული იყო კლინიკაში, იმყოფებოდა თერაპიულ ნაწილში. აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, დადგენილი ჰქონდა კორონავირუსი, იყო ჩვენი თანამშრომლის მამა. ჩვეულებრივად იყო, გუშინ ექთანი შევიდა, გაუკეთა მედიკამენტი,"- აცხადებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გია კიკაბიძე.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 212 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
"აქედან 45 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, 15 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და აპარატულ სუნთქვაზეა. 30 პაციენტს ჟანგბადი მიეწოდება მაღალი წნევით. გუშინ 25 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკიდან. სამწუხაროდ, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში გარდაცვალების 11 ფაქტი დაფიქსირდა,"- განაცხადა გია კიკაბიძემ.