ახალი პროტოკოლის მიხედვით, კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი პირის დაკრძალვა აღარ ხდება მაშინვე და ოჯახს ამისთვის 72 საათიანი ვადა ეძლევა, მიუხედავად იმისა, რომ ცხედარი სპეციალურ ჩანთაში თავსდება და შემდეგ სასახლეში.
რამდენად უსაფრთხოა გარდაცვლილის სახლში დასვენება და პანაშვიდის გადახდა - კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა.
ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილის სახლში დასვენება უსაფრთხოა და ოჯახს ამისთვის 72 საათი ეძლევა. ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი დიდი თავშეყრებია, რისგანაც თავი უნდა შევიკავოთ.
"გარდაცვლილის სახლში დასვენება უსაფრთხოა და ყველა რიტუალი უნდა გაკეთდეს და ასეც არის, რომ სასურველია ეს მოხდეს 72 საათის განმავლობაში. ერთადერთი არის ის, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, რომ ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი არის დიდი თავშეყრები, იქნება ეს თავშეყრა სასიხარულო თუ გარდაცვალებასთან დაკავშირებული და ჩვენს შესაბამის რიტუალებთან რაც გვაქვს ტრადიციულად. თავი უნდა შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.