დღეს საქალაქო სასამართლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს.
ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილის უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ მას მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებს.
"ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდოს მას, თუმცა, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. მე მიმაჩნია, რომ უნდა დარჩეს თავისუფლებაში, ვინაიდან ის სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან და სურს, დადგინდეს ჭეშმარიტება. მიმაჩნია, რომ ეს არასერიოზული ბრალდებაა ამ პირის მიმართ, ვინაიდან მას არ ძალადობა განუხორციელებია, არც თავისუფლება შეზღუდავს არავისთვის,"- აცხადებს ადვოკატი გიორგი ჭოჭუა.
პროკურატურამ ლევან ზურაბიშვილს ბრალი გუშინ წარუდგინა. უწყება მას ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას ედავება. საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს. ბალისტიკური ექსპერტიზის მიხედვით, ლევან ზურაბაშვილი არ იყო შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღით, შესაბამისად, მას ეს მუხლი მოეხსნა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. მისი მოთხოვნები იყო აიკრძალოს სათამაშო ბიზნესი, დაიწიოს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი და გაიაფდეს მედიკამენტები.