16 იანვარი 2021,   01:24
ვრცლად
მეტროპოლიტენის 25 თანამშრომელია კოვიდინფიცირებულია, 50 ტესტის პასუხს ელოდება - მემანქანეები მეტროს გაჩერების საფრთხეზე ალაპარაკდნენ 

თბილისის მეტროპოლიტენში Сovid-19-ით ამ დროისთვის 25 თანამშრომელია ინფიცირებული, 50 კი ტესტის პასუხის მოლოდინის რეჟიმშია. მემანქანეები სამუშაო საათების შემცირებას ითხოვენ, რომ თანამშრომლებმა გრაფიკით იმუშაონ. მათი თქმით, მეტროში ვირუსის გავრცელების საფრთხე იმდენად დიდია, რომ შესაძლოა უახლოეს პერიოდში მეტროპოლიტინმა მუშაობა შეაჩეროს.

"20-დან 25 კაცამდე არის ინფიცირებული, 50 პასუხის მოლოდინშია და 30-მდე თვითიზოლაციაში იმყოფება. გამოსავალი ერთადერთია, უნდა მოხდეს მეტროპოლიტენის ნაწილობრივ შეზღუდვა საათობრივად. ვგულისხმობ დილის 07:00-დან -21:00 საათამდე მოძრაობის შენარჩუნებას, მემანქანეთა რაოდენობა რამდენიმე ჯგუფად უნდა დაიყოს, რათა მომავალში შევინარჩუნოთ მატარებლების მოძრაობა. შესაძლოა მთავრობამ არა, მაგრამ ვირუსმა მოახერხოს მეტროპოლიტენის შეფერხება. ბევრმა საკუთარი სახსრებით ჩაიტარა კვლევა და რომ აღმოჩნდა ინფიცირების შემთხვევები, კომპანიამ დაიწყო ტესტირება," - უთხრა "კურიერს" მემანქანე, მეტროპოლიტენის დამოუკიდებელ პროფკავშირ ”ერთობა 2013”-ის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ ლაბაძემ.

როგორც ერთ-ერთი მემანქანემ "კურიერთან" აღნიშნავს, მეტროპოლიტენში დღეს საკმარისი რაოდენობის თანამშრომლები აღარ ჰყავთ და ხელმძღვანელებს უწევთ შვებულებაში მყოფი პირების სამუშაოზე გამოძახება.

"ადამიანებმა რომლებმაც გუშინ "ლუგარში" ტესტი აიღეს, დღეს მატარებლის მართვისას მიიღეს შეტყობინება, რომ კოვიდდადებითები არიან. აქვთ შეხება სხვა თანამშრომლებთან, იცვლებიან პერიოდულად მემანქანეები დიდუბეში და ვარკეთილში, მათ კაბინაში სხვა შედის და ხომ ხვდებით, რა გავრცელებასთან გვაქვს საქმე? მეტროპოლიტენში დღეს საკმარისი რაოდენობის თანამშრომლები აღარ ჰყავთ, შვებულებიდან გამოჰყავთ და ამ ჯოჯოხეთში ამუშავებენ. ჩვენ სწრაფი ტესტებით თავიდან უარყოფითი პასუხი გვქონდა, გავაგრძელეთ მუშაობა და შემდეგ დაგვიდასტურდა, გავრცელებაც ამიტომ მოხდა,"- უთხრა "კურიერს" მემანქანე, მეტროპოლიტენის დამოუკიდებელ პროფკავშირ ”ერთობა 2013”-ის გამგეობის თავმჯდომარე ზაზა ბარბაქაძემ.

დღის ამბები