რეგულაციების გამკაცრებამდე ერთი დღით ადრე დედაქალაქის ქუჩებში დილიდან საღამომდე ავტომანქანებისა და ხალხის განსაკუთრებული სიმრავლე იყო. დღეს თითქმის ყველა ქუჩა პარალიზებული იყო, ავტომობილები საცობში საათობით იდგნენ, გამოძახებებზე მისვლა გაუჭირდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებსაც.
მთავრობის გადაწყვეტილებით და შეზღუდვებით უკმაყოფილოა ბიზნესსექტორი, სადაც მიიჩნევენ, რომ ის შეღავათები რაც მათ ხელისუფლებამ შესთავაზა საკმარისი არ არის და არ გამორიცხავენ, რომ კრიზისის შედეგად ბევრი ობიექტი დაიხუროს.
არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან 2 თვის განმავლობაში, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება, დაიხურება ყველა სავაჭრო ცენტრი, ბაზრობები, ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და იკეტება რესტორნები, გასართობი ცენტრები, ფიტნეს და სავარჯიშო დარბაზები, ასევე საცურაო აუზები.
აიკრძალება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა და ნებისმიერი გადაადგილება საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით იზღუდება.