თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა და მუქარით თანხა გაიტაცა. იყო სროლაც, თუმცა თავდასხმისას არავინ დაშავებულა. ამოღებულია კამერების ჩანაწერები.
თვითმხილველების განცხადებით, შეიარაღებული პირები უმისამართოდ ისროდნენ.
არსებული ინფორმაციით, კლინიკიდან დაახლოებით 4 000 ლარია წაღებული.
"ორი მამაკაცი კარის გაღებას იარაღის მუქარით ითხოვდა. შეიარაღებულმა პირებმა სამჯერ გაისროლეს, რის შედეგადაც დაზიანდა კლინიკის შენობა, ისინი შენობაში შემოიჭრნენ და თანხა წაიღეს. საბედნიეროდ, შედეგად არავინ დაშავებულა. კლინიკა მუშაობას სრული დატვირთვით აგრძელებს," - აცხადებს "თბილისის ზღვის ჰოსპიტლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი ნინი კილაძე.
დაახლოებით დილის 6 საათზე თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა. კლინიკის დაცვის ერთი თანამშრომელი წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, რასაც სროლა მოჰყვა.