ახალქალაქისა, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მოსკოვში დავით არსენიშვილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე იმყოფებოდა.
მისი თქმით, ამ ადამიანს უკავშირდება მთაწმინდის პანთეონის, თეატრის და კინოს მუზეუმის, ლიტერატურის მუზეუმისა და ა.შ. არსებობა.
როგორც თავად აღნიშნა, დავით არსენიშვილთან ნათესაური კავშირები აქვს და სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად მისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოხსენებით გამოდის.
მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა არ უარყო, რომ პანაშვიდზე რუსეთის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს შეხვდა. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ტაძრებთან და მათ დაზიანებასთან დაკავშირებით რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან საუბარი ხშირად ჰქონიათ და გამოსავალს ეძებენ.
"მე პირველად არ შევხვედრივარ მათ და ამ თემაზე სულ მაქვს საუბარი. ის, რომ ეს ქვეყანა ოკუპანტია, ეს ერთი, მაგრამ ჩვენი მთავარი პრეტენზია და ეს ანტირუსული განწყობა მარტო ამით არ არის განპირობებული. მთავარი სხვა რამეა - ჩვენი მთავარი პრეტენზია რუსეთის მიმართ, ეს არის კორუფცია, რომელიც ამ ქვეყანაშია და სახელმწიფოებრივი მოწყობა, რომელიც ჩვენ არ გვინდა. თუ ჩვენი ორიენტაცია არის ევროპა და ამერიკა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სახელმწიფოებრივი მოწყობა გვინდა ისეთი, როგორიც იქ არის, საზოგადოება გვინდა იმ პრინციპებით ავაწყოთ და არა ისე, როგორც რუსეთის სახელმწიფოშია, თვითონვე იტანჯებიან ამით.
რაც შეეხება აფხაზეთს, სამაჩაბლოს, საეკლესიო პრობლემებს - სახელმწიფო პრობლემებზე საეკლესიო პირებთან რომ ვილაპარაკო, მხოლოდ გულის მოოხება გამოვა. სინამდვილეში, ჩვენ ამაზე საუბარი გვქონია და რეალურად ჩვენ ვეძებთ გამოსავალს.
დიპლომატია საკმაოდ რთული საქმეა და თუ ჩვენ შედეგზე ვართ ორიენტირებულები, მაშინ ეს საუბარი სწორად უნდა წარიმართოს. თუ თქვენ იმას გულისხმობთ, რაც ოჩამჩირეში მოხდა, უნიკალური ფრესკები იქ არავის შეუთეთრებია, უბრალოდ, საშინლად გაშავებული იყო ტაძარი, თავის დროზე მე ნამყოფი ვარ იმ ტაძარში და ზუსტად ვიცი. იქ ნამდვილად მოხდა, რომ გარე სახე შეუცვალეს ტაძარს და ეს ძალიან ცუდი საქციელი იყო, მაგრამ ზუსტად უნდა დაისვას კითხვები, ზუსტი თემები უნდა იყოს და ეს რთული პოლიტიკური თემებია.
ჩვენ გვაქვს პრეტენზიები რუსეთის საპატრიარქოსთან, ადრეც გვქონდა და ბევრჯერ ნოტა გავუგზავნეთ, მაგალითად, როცა რამდენიმე წლის წინ ჩვენ მიერ ხელდასმული მღვდელი დააჯილდოვეს, რომელიც კი აფხაზია, მაგრამ ნომინალურად ჩვენ გვეკუთვნის. სადავო საკითხები ყოველთვის არსებობს, მაგრამ მე პირადად, ასე ვფიქრობ, ნამდვილად მიმაჩნია, რომ ოკუპანტი ქვეყანაა და ეს სიტყვა უნდა გამოვიყენო, თუმცა ბევრი სხვადასხვა აზრი არსებობს - სიტყვა შევცვალოთ და ა.შ მე არ ვარ ამის მომხრე. მე ვამბობ, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია და მარტო აქ არ ვამბობ ასე, იქაც ასე ვლაპარაკობ. ჩემი ლექსიკა ესაა. თვითონ რუსეთიც ერთი სიტყვა არაა, რთული სიტყვაა, რომელიც ბევრი რაღაცისგან შედგება,"-განაცხადა მიტროპოლიტმა.