ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ პირადად თვითონ და ასევე, სინოდის წევრები თანახმა არიან ნებისმიერ შემთხვევაში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება მოხდეს.
მიტროპოლიტი მსჯავრდებულ დეკანოზს მოუწოდებს, რომ საბრალდებულო დასკვნა გამოაქვეყნოს.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი იყო, ვინც პატრიარქი საჯაროდ დაიცვა.
"სინოდმა, მე ასეთი შემთხვევა არ მახსოვს უბრალოდ, რაც მე ვარ სინოდის წევრი და ჩემამდეც არ გამიგია, რომ ასე ერთიანად სინოდს შეწყალებისთვის მიემართოს საქართველოს პრეზიდენტისთვის. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენ მოვილაპარაკეთ, ჯერ მანამდე ვთხოვეთ პრეზიდენტ მარგველაშვილს და შემდეგ უკვე ოფიციალურად მივმართეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველას გვაქვს სურვილი შევიწყალოთ, ოღონდ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, შეწყალება სჭირდება დამნაშავეს, მართალი ადამიანის შეწყალება, მე ვიცნობ ისეთ პიროვნებებს, ახლაც არიან ციხეში ისეთი ადამიანები, რომელიც შეწყალებაზე უარს ამბობენ, იმიტომ რომ მიიჩნევენ, დანაშაული არ აქვთ ჩადენილი. შეწყალებაზე, რა თქმა უნდა, თანახმა ვართ, რაც შეეხება თვითონ დეკანოზ მამალაძის ბრალეულობას, მე ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ისევე, როგორც ახლა ე.წ. კარტოგრაფების საქმე, ამ ადამიანმა რაღაცა დააშავა თუ, არაფერი დაუშავებია, ეს ჩვენ არ ვიცით არავინ. იცით საიდან შეიძლება ვიცოდეთ, ძალიან მარტივი რაღაცაა - ჩვენთან მოქმედებს კანონი, რომ საბრალდებულო დასკვნის გამოქვეყნების უფლება მხოლოდ აქვს ბრალდებულს და თუ ასეთი მართალია და არაფერი დაუშავებია, გამოაქვეყნოს ეს საბრალდებულო დასკვნა და ვილაპარაკოთ მერე ყველაფერზე. შეწყალებაზე ნებისმიერ შემთხვევაში თანახმა ვართ, მე პირადად სინოდის წევრებთან ერთად.
მე მგონია, რომ ეს არის მოქალაქეობრივი სიმამაცე რაც მოქმედმა პრეზიდენტმა ქალბატონმა სალომე გააკეთა. რაც მან განაცხადა, რატომ არ შეიწყალა, ეს არის ძალიან მაღალი ზნეობრივი და მოქალაქეობრივი პოზიცია. ფაქტობრივად, ის იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც ხმა აიმაღლა პატრიარქის დასაცავად," - განაცხადა მიტროპოლიტმა.