ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბათუმში, კორონავირუსით გარდაცვლილ 31 წლის ქალს სხვა თანმდევი დაავადებები არ ჰქონია.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ინფიცირებული ფილტვის დაზიანებით გარდაიცვალა.
გაბუნიას თქმით, შემთხვევის ღრმა ანალიზი ჩატარდება.
"როგორიც არის, რა თქმა უნდა, კონკრეტული შემთხვევა. ის ეტაპები, რომლებიც გაიარა პაციენტმა, რეალურად არის პროტოკოლით გათვალისწინებული. უფრო ჩაღრმავებულ ანალიზს, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ. გარდაცვალება უკავშირდება ფილტვის მძიმე დაზიანებას. ქალბატონს თანმხლები დაავადებები ან რაიმე სხვა მიზეზი, რასაც შესაძლოა გამოეწვია მდგომარეობის გართულება, არ უფიქსირდება. ამ შემთხვევის ღრმა ანალიზი, რა თქმა უნდა, ჩატარდება" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, ბათუმში კოვიდინფიცირებული 31 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იმშობიარა. გარდაცვლილის ოჯახი დაგვიანებულ სამედიცინო მკურნალობაზე საუბრობს.