დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, სჭირდებათ თუ არა ვაქცინაცია იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს.
თუმცა გამყრელიძის თქმით, უმრავლესობა ემხრობა, რომ დამატებითი ინექცია ცუდს არაფერს აკეთებს.
"ადამიანების იმ ჯგუფს, ვინც გადაიტანა ინფექცია, სჭირდება თუ არა ვაქცინაცია, ამაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მყარი პასუხი ჯერ არ აქვს. ჯერ ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი. არის ხალხი, ვინც ემხრობა იმ მიმართულებას, რომ ისინი არ უნდა აიცრან და ასევე არის ხალხი, ვინც მიუთითებს, რომ ასეთი მასობრივი იმუნიზაციის დროს, იმ დროს გარჩევა – ვინ გადაიტანა, ვინ არ გადაიტანა, ვინ უსიმპტომოდ – ამის გარჩევა რთულია. უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ თუ გადატანილი გაქვს ვირუსი, დამატებითი ე.წ. ბუსტერის დოზა არაფერს დაგიშავებს. როცა წითელას მასობრივი კამპანიები გვქონდა შარშან და შარშანწინ, ადამიანებს არ ვთხოვდით იმის ლაბორატორიულ დადასტურებას, ჰქონდა თუ არა წითელა გადატანილი. ის დამატებითი ინექცია არაფერ ცუდს არ აკეთებს, პირიქით, იმუნიტეტს კიდევ უფრო აძლიერებს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.