19 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
ასლან ვაშაყმაძე ვიდეომიმართვის გამო თავს დამნაშავედ გრძნობს, პოლიციელზე თავდასხმას კი არ აღიარებს -ადვოკატი

ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელს, ასლან ვაშაყმაძეს ბრალი გუშინ გვიან ღამით წარუდგინეს. ბრალდებულის უფლებადამცველის განმარტებით, ვაშაყმაძეს ბრალი 239-ე პრიმა მუხლის პირველი და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით წარედგინა.

ადვოკატის ინფორმაციით, ვაშაყმაძე სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვის გამო თავს დამნაშავედ გრძნობს და მან ამ განცხადების შესახებ ბოდიშიც მოიხადა. რაც შეეხება 353-ე პრიმა მუხლით წარდგენილ ბრალდებას, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, ასლან ვაშაყმაძე არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.  

ადვოკატის ინფორმაციითვე, ბრალდების მხარე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს, თავად კი იშუამდგომლებს უფრო მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიების, გირაოს გამოყენებაზე.

ასლან ვაშაყმაძე ფოთის პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. სასამართლო პროცესი დღეს ონლაინ რეჟიმში გაიმართება, მოსამართლე კი დავით კეკენაძე იქნება. ასლან ვაშაყმაძეს უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ მოსამართლე პოლიტიკურ ჭრილში არ განიხილავს საქმეს და მათი მოთხოვნა გირაოს საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილებული იქნება.

დღის ამბები