ამერიკის გაყალბებული ვიზები და ორი ბრალდებული - თაღლითური სქემის დეტალები "კურიერმა" გაარკვია. გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს შორის არის ისეთი ჩანაწერიც, რომელიც კითხვებს სხვა პირებთან მიმართებაშიც აჩენს.
რა კავშირშია ნოე სულაბერიძე და გია ჯაჯანიძე დანაშაულთან - მათ სახელებსა და გვარებს ბრალდებულები ჯიმი მაქაცარია და სოფიო ჩაგანავა ფარულ ჩანაწერში ახსენებენ.
სწორედ სულაბერიძისა და ჯაჯანიძის დახმარებით სთავაზობს დაკავებული დაზარალებულსამერიკაში უკანონო გზით მოხვედრას. მომღერალს და პროდიუსერს ჯიმი მაქაცარიას და სოფიო ჩაგანავას ბრალი უკვე წარედგინათ.
დაზარალებული "კურიერთან" ყვება, რომ ბრალდებულები მას 17 ათასი დოლარის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში წაყვანას ჰპირდებოდნენ, რისი ნაწილიც უკვე გადახდილი ჰქონდა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც ე.წ. ვიზა მიუტანეს მიხვდა რომ ის ყალბი იყო თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.
როგორც დაზარალებლი ამბობს, დაკავებულების მას ჰპირდებოდნენ რომ ამერიკაში უკვე ნოე სულაბერიძის და გია ჯაჯანიძის დახმარებით გაუშვებდნენ.
"გამაცნო თავი როგორც პროდიუსერი ზურა მელაშვილის და მითხრეს რომ ტარდებოდა კინოფესტივალი ამერიკაში, საქართველოს ჯგუფი მიდიოდა, ყველა ქვეყნიდან ჩადიოდნენ და საქარტთველოს ჰქონდა გამოსვლა 6 აგვისტოს და მეც ამ ჯგუფით წამიყვანდნენ. უნდა შევსულიყავით საელჩოში 29-ში, მანამდე მაგათ გამომიტანეს ვიზა და გამიკვირდა კიდეც, შესვლის გარეშე ვიზა როგორ გამომიტანეს. მე დავეჭვდი და უკვე რომ ვუთხარი ეს რა ხდება მეთქი, თვითონაც შეშფოთდნენ, არ ელოდნენ რომ მე გავიგებდი და თქვეს, რომ ვაიმე ჩვენც მოგვატყუესო და ამის მერე გავიდა 6 თვე, მიცემული მქონდა თანხის ნაწილი და მერე იძახდა რომ ჯაჯანიძის შოუ მიდის და იმას გაგაყოლებ 23 სექტემბერსო, ჩაწერა აქვს ამერიკაშიო, ნოე სულაბერიძესაცო. მაგათ იციან ყველაფერი შენზეო და წაგიყვანენო. ეს ადამიანი იყენებდა ალბათ მათ სახელებს. ამინაზღაურონ ყველაფერი, მე მათგან სხვა არაფერი არ მინდა,“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
დაკავებული სოფიო ჩაგანავა ბრალს არ აღიარებს, ხოლო, რაც შეეხება ჯიმი მქაცარიას, მისი ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ბრალს არ ეთანხმება, თუმცა ადასტურებს რომ სავიზო მომსახურებას ნამდვილად ეწეოდა.
"ის ეწეოდა სავიზო მომსახურებას. გარკვეული მომსახურების საფასური აქვს მიღებული და აბსოლუტურად, მის მიერ თაღლითობა არ არის ჩადენილი. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, არც ერთი ცნობილი პიროვნების სახელი და გვარი მას არ გამოუყენებია. ფარულ ჩანაწერში შეიძლება დაზარალებული ახსენებდეს ვინმე ცნობილ პირებს, მაგრამ კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ეთანხმებოდეს, თითქოს და ვინმე ცნობილ პირებთან ერთად უნდა გაეშვა ეს კონკრეტული პირი უცხოეთში,“ - ამბობს ადვოკატი, ნანა ფილაური.