ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, პრეპარატ "რემდესივირის" საქართველოში შემოტანას მოწინააღმდეგეები ჰყავდა.
ცერცვაძის თქმით, მან აღნიშნული პრეპარატი გამოიყენა და 5 დღეში ეფექტი მიიღო. თუმცა ცერცვაძე პრეპარატს სრულად, ჯერჯერობით, მაინც არ უწევს რეკომენდაციას.
"კრიტიკაზე ვიტყვი, რომ ეს იყო სრულიად უადგილო კრიტიკა, ადამიანი იმისთვის არსებობს, რომ ვიღაცა გააკრიტიკოს. "რემდესივირი" სახელმწიფოს არ შემოუტანია, მიუხედავად იმისა, რომ მე ვიბრძვი უკვე რამდენიმე თვეა შემოიტანონ, არ შემოიტანეს. მოწინააღმდეგეები იყვნენ, იყო განსხვავებული აზრი ექსპერტების, რომლებიც ამბობენ, რომ "რემდესივირი" არ არის ეფექტური. ჯანდაცვის მინისტრი ახლა გადმოიხარა, რომ შემოიტანოს, მაგრამ ყოყმანობდა გარკვეული პერიოდი, იმიტომ რომ ჩემზე არანაკლები კვალიფიკაციის ექსპერტები ამბობდნენ, რომ არ იყო ეფექტური. ობიექტური საფუძველი გვქონდა მეც და იმათაც. მე დავუჯერე ამერიკელებს, არა ჯანმოს და ვიმკურნალე ამით. მინდა იცოდეთ თქვენ, რომ არსებობს ჯანმოს მხარე, რომლებიც ამბობენ, რომ რემდესივირი არ არის ეფექტური. მე მაინც ვიმკურნალე, ვიყავი ორმაგად რისკის-ჯგუფი, ჯერ ერთი 70 წელს გადაცილებული და მეორე, მე მაქვს მძიმე დაავადება, ასეთი პაციენტები ძალიან დიდი რისკის ქვეშ არიან კოვიდის დროს. ჩემთან პირველი 4 დღე წავიდა იმუნიტეტის ძალიან სერიოზული გაუარესება და ჩამოვიდა მაჩვენებლები კრიტიკულ დონემდე, ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მემკურნალა. საქართველოში სამწუხაროდ, ვერ შემოვიტანეთ, არ იყო და უცხოეთიდან გამომიგზავნეს, გამოვიყენო და არ მინდა გავუწიო პროპაგანდა, არ მინდა გავაკეთო დასკვნები, რომ მერე ვიღაცა არ დარჩეს იმედგაცრუებული. ეს იყო ერთი შემთხვევა და ჯერჯერობით, ერთადერთი, ჩემზე მედიკამენტმა იმუშავა ძალიან ეფექტურად, იმუნიტეტმა დაიწყო გაუმჯობესება და 5 დღეში დაუბრუნდა საწყისს მდგომარეობას, მაგრამ მე არ ვიცი, ეს იყო დამთხვევა, თუ ეს იყო მედიკამენტის ეფექტი," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.