დღესასწაულებამდე რამდენიმე კვირით ადრე სახელმწიფოები პანდემიის მესამე ტალღის თავიდან აცილებას რეგულაციების უპრეცენდენტოდ გამკაცრებით ცდილობენ.
იტალიაში საშობაოდ რეგიონებს შორის მიმოსვლა იკრძალება. მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას 20 დეკემბრიდან 6 იანვრამდე საკუთარი საცხოვრებელი რაიონების დატოვების უფლება აღარ ექნებათ. ახალ შეზღუდვასთან ერთად ძალაში რჩება უკვე დაწესებული კომენდანტის საათიც.
რეგიონებს შორის გადაადგილებაზე შეზღუდვები წესდება ესპანეთშიც. საშობაოდ კი შეკრებაზე 10 კაციანი შეზღუდვა ამოქმედდება. ერთი კვირით გახანგრძლივდება კომენდანტის საათიც.
ახალ წელს მკაცრ კარანტინში შეხვდება პორტუგალია. სახლიდან გასვლა მოქალაქეებს მხოლოდ სამსახურში, ან აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ. მოქმედებს კომენდანტის საათი. არსებული ეპიდემილოგიური ვითარებიდან გამომდინარე ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ. პირველ ეტაპზე კი ვაქცინაცია ხანდაზმულებსა და სამედიცინო პერსონალს შეეხება.
ვითარება დამძიმდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც რთული ზამთრის შემდეგ ვირუსით გარდაცვალებულთა სტატისტიკის გაორმაგებას ვარაუდობენ.
რაც შეეხება ჩინეთს, რომელიც თავის დროზე პანდემიის პირველწყარო იყო, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ინფექცია მხოლოდ 17 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანც 15 შემთხვევა იმპორტირებულია.