გაეროს ბავშვთა ფონდმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 144 საბავშვო ბაღს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ჰიგიენური და პერსონალური დაცვის საშუალებები გადასცა.
ყველა, 144-ვე ბაღს გადაეცა დისტანციური ინფრაწითელი თერმომეტრები, ხელის სანიტაიზერები, ზედაპირების უნივერსალური სადეზინფექციო ხსნარი, დეზობარიერები და მისი სითხე, ანტიბაქტერიული თხევადი საპონი და კედელზე დასამაგრებელი საპნის დისპენსერები.
პერსონალური დაცვის საშუალებები დაეხმარება საბავშვო ბაღებს, სწავლის პროცესის განახლების შემდეგ, შეასრულონ COVID-19-გან თავის დაცვისთვის აუცილებელი რეგულაციები და პრევენციის ღონისძიებები, რათა ბაღების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს სწავლის უსაფრთხო გარემოში გაგრძელების შესაძლებობა ჰქონდეთ.
დამცავი საშუალებები შეძენილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „საქართველოში COVID-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება“ ფარგლებში. გაეროს ბავშვთა ფონდმა ჰიგიენური და პერსონალური დაცვის საშუალებები ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონის 336 საბავშვო ბაღს გადასცა.