თბილისში, ლილოს დასახლებაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა ის უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დაიწვა, დაახლოებით, 1000 კვადრატული მეტრი სასაწყობე ფართი. ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, არსებობდა ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა დროული რეაგირების შედეგად ხანძარს საერთო ფართის დიდი ნაწილი გადაურჩა.
"ჭირნახულის 9 ნომერში ხანძარი გაჩნდა სასაწყობე ფართში. იწვოდა, დაახლოებით, 1000 კვადრატი. ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა, მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, გადარჩა ფართის ძალიან დიდი ნაწილი. საერთო ჯამში, დამწვარია, დაახლოებით, 1000 კვადრატი. ინახებოდა პლასტმასა, ადვილად აალებადი ნივთები, საღებავი და ა.შ. ამ დროისთვის, ხანძარი არის ლოკალიზებული, გავრცელების საფრთხე არ არის. საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არის. გამომწვევ მიზეზს, ამ დროისთვის, ვერ გეტყვით, ყველა შესაბამისი სამსახური იმყოფება ადგილზე და დაადგენენ, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი,"-განაცხადა ოთარ კერესელიძემ.