საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაუსაბუთებელ პრემიას არ გასცემდა.
ეს განცხადება მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღინიშნა, რომ 2018-2019 წლებში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუსაბუთებელი დანამატი გასცა.
"დარწმუნებული ვარ, რომ არც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და არც ერთი სახელმწიფო უწყება დაუსაბუთებელ პრემიას არ გასცემს. თუ რაღაც დოკუმენტაცია არის შესაბამისად მოსაწესრიგებელი ან რაღაც სხვა ტიპის ბაზაა შესაქმნელი, ეს სხვა საკითხია. ეს ფორმის საკითხი შეიძლება იყოს. ხშირად არის როცა აუდიტის სამსახური რაღაც საკითხებზე კრიტიკულ აზრს გამოთქვამს ხოლმე, მათ შორის ფინანსთა სამინისტროზე. ეს არის მათი ფუნქცია, სწორია, მაგრამ შინაარსობრივად არ მგონია, რომ უსაფუძვლო დანამატი ყოფილიყო", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად 2018-2019 წლებში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუსაბუთებელი დანამატი გასცა.
თანხის ოდენობა განისაზღვრა 526,038 ლარით. ძირითად მიგნებებში აღნიშნულია, რომ დანამატის გაცემის საფუძველი უწყებამ ვერ დაასაბუთა.