07 სექტემბერი 2026,   13:35
ვრცლად
მცხეთის სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე ჩანიშნული პროცესი გადაიდო - პროკურორი ადვოკატების მხრიდან საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულები და მათი ადვოკატები პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესს არ დაესწრებიან. მიზეზი გახდა მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქმის განხილვისთვის დამატებითი პროცესები ჩაინიშნა. პროტესტის გამო, სასამართლომ დანაშაულში მხილებულ პირებს ადვოკატები საზოგადოებრივი წესით დაუნიშნა .

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჩანიშნული პროცესი  გადაიდო, შუამდგომლობა საქმეში ახლად ჩართულ იურისტებს ეკუთვნით. ამის გამო ბრალდების მხარე ადვოკატებს მხრიდან საქმის განზრახ გაჭიანურებაზე საუბრობს:

"დღევანდელ დღეს დაცვის მხარის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დაცვის მხარის დანიშნულმა ადვოკატმა, დააყენა შუამდგომლობა, რომ არ იცნობს სრულყოფილად საქმის მასალებს და არ შეხვედრია ბრალდებულებს, რის გამოც მოითხოვა დრო. შესაბამისად ის ადვოკატები, რომელიც ბრალდებულებს ჰყავდათ აღნიშნული ადვოკატის დანიშვნამდე, რომ გამოცხადებულიყვნენ დღევანდელ სხდომაზე და მიეღოთ მონაწილეობა არ გაჭიანურდებოდა დღევანდელი პროცესიც და ზოგადად საქმეც, შესაბამისად ჩვენ ვთვლით, რომ ყველა ის ქმედება, რომელიც პროცესის გადადებასთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა მიმართულია პროცესის გაჭიანურებისკენ და ეს გამომდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ დაცვის მხარის მიზეზებით," - განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატი მურმან ნიკოლაიშვილი საქმის გაჭიანურებასთან დაკავშირებით პროკურორის პრეტენზიას არ იღებს და აცხადებს, რომ მისთვის გაურკვეველია, რატომ დარჩა სახელმწიფო ბრალდებას ასეთი შთაბეჭდილება:

"ჩემთვის სრულიად გაურკვეველია, რატომ დარჩა ეს შთაბეჭდილება სახელმწიფო ბრალდებას, მაშინ როდესაც სრულიად ნათელია, რომ მე პარასკევს ჩავერთე აღნიშნულ საქმეში, დღეს არის ორშაბათი დღე. ფიზიკურად ვერ შევხვდებოდი დასაცავ პირს, ვერ გადავხედავდი მასალებს. შესაბამისად წარმოუდგენელია რატიმ რჩებათ შთაბეჭდილება, რომ მე ვაჭიანურებ დროს," - განაცხადა მურმან ნიკოლაიშვილმა.

დღის ამბები