კოვიდმასშტაბების შემცირებამდე საკოორდინაციო საბჭო არ გამორიცხავს, რომ რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდეს. ამირან გამყრელიძის თქმით, რეგულაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ცვლილება ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ სიტუაციის დასტაბილურებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ინფიცირებულთა სწრაფი გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება. სწორედ ამიტომ, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ტესტირება მიმდინარეობს.
ტესტირების მასშტაბების ზრდასთან ერთად ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასაც ელოდებიან. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სისტემა მზარდი მაჩვენებლისთვის მზად არის და საზოგადოება მედპერსონალის გარეშე არ დარჩება.
კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გადადგმული შემაკავებელი ნაბიჯების პარალელურად, ქვეყანა კოვიდვაქცინის მოლოდინშია. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველო იქნება ის მოწინავე ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას პირველი მიიღებს. მოლაპარაკებები ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს და ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოს ვაქცინის მისაღებად ყველა იურიდიული კომპონენტი მზად აქვს.
კორონავირუსის გავრცელებას მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებით ებრძვის. ქვეყანაში 2-თვიანი რეგულაციები უკვე 10 დღეა მოქმედებს. ეპიდემიოლოგებს აქვთ მოლოდინი, რომ შეზღუდვების შესაბამისად, ინფიცირების მაჩვენებელი დასტაბილურდება.