19 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ყაჩაღობა ნოჯიხევში - 73 წლის ქალი თავდამსხმელებმა სცემეს და აწამეს

მედეა მირცხულავას ორი თავდამსხმელი რამდენიმე საათის განმავლობაში აწამებდა. 73 წლის ქალს სცემეს, სკამზე წებოვანი ლენტით მიაბეს, რის შემდეგაც ცხელი უთოს გამოყენებით აწამეს. შემთხვევა ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში, დაახლოებით დილის 4 საათისთვის მოხდა. სახლის გადამოწმების შემდეგ, თავდამსხმელებმა ტერიტორია დატოვეს და მიიმალნენ.

ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხობის ჰოსპიტალში გადაიყვანა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ბინაზე გაწერეს.

ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელები, შესაძლოა, მათი ნაცნობები იყვნენ. 

დანაშაულის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 179-ე მუხლით აწარმოებს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

დღის ამბები