ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში ბავშვთა უფლებების დასაცავად ერთობლივ ინიციატივას იწყებენ. ახალი სამწლიანი პროექტი, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, გააძლიერებს ბავშვთა დაცვისა და მართლმსაჯულების სისტემების შესაძლებლობებს ბავშვთა უფლებების დასაცავად.
ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა, სიგრიდ ბრეტელმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ეხება საქართველოში ბავშვთა დაცვის ეროვნული სისტემის გაუმჯობესების საკითხებს.
სიგრიდ ბრეტელის განცხადებით, UNICEF- თან ერთობლივი პროექტის მთავარი თემა ბავშვის უსაფრთხო და ძალადობისგან დაცულ გარემოში გაზრდა იქნება.
"სულ რამოდენიმე თვის წინ ძალაში შევიდა ბავშვის უფლებათა ახალი კოდექსი. ბავშვის ფუნდამენტური უფლებებიდან უმთავრესია მისი უფლება გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში და დაცული იყოს ყველა ტიპის ძალადობისგან და სწორედ ეს არის UNICEF- თან ერთობლივი პროექტის მთავარი თემა. ეს ის საკითხია, რომელსაც ევროკავშირი წლებია აქტიურად უჭერს მხარს. მოხარულნი ვართ იმით, რომ ახლა უკვე გვაქვს სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ბავშვთა დაცვის საკითხებზე ერთობლივი მუშაობის საშუალებას მოგვცემს. ასევე, სოციალური მუშაკების გაძლიერება: ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, რადგან ისინი ყველაზე ახლოს არიან ოჯახებთან და დაუცველ ბავშვებთან. აქვე მინდა აღვნიშნო მესამე სფერო, რომელზეც ამ პროექტის ფარგლებში ვიმუშავებთ, კერძოდ კი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელება. ეს კიდევ ერთი მთავარი ასპექტია, რომელსაც ევროკავშირი დიდი ხნის მანძილზე უთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას და ამ სფეროშიც მოუთმენლად ველით UNICEF- თან თანამშრომლობის გაგრძელებას,"-განაცხადა სიგრიდ ბრეტელმა.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის საქართველოში, ღასან ხალილის განცხადებით, ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი პროექტის ფარგლებში იზრუნებენ, რომ ბავშვებმა აღარ იცხოვრონ სპეციალურ დაწესებულებებში, კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს ჰქონდეთ წვდომა მართლმსაჯულებაზე და უკეთესი შესაძლებლობები განრიდების პროგრამებსა და ალტერნატიულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.
"ჩვენ ვაგრძელებთ ღირებულებებზე დაფუძნებულ პარტნიორობას ევროკავშირთან. ევროკავშირის გულუხვი დახმარების წყალობით, უკანასკნელი წლების განმავლობაში გაეროს ბავშვთა ფონდმა, საქართველოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, შეძლო მხარი დაეჭირა მნიშვნელოვანი ინიციატივებისათვის. ეს პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები ბავშვებისათვის. განახლებული პარტნიორობითა და უზრუნველყოფილი დახმარებით, ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ბავშვებმა აღარ იცხოვრონ სპეციალურ დაწესებულებებში, კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს ჰქონდეთ წვდომა მართლმსაჯულებაზე და უკეთესი შესაძლებლობები განრიდების პროგრამებსა და ალტერნატიულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის. აღნიშნული პროექტი ასევე გააძლიერებს საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის კულტურას. ევროკავშირის დახმარებისა და ჩვენი პარტნიორობის წყალობით, საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის სისტემები გაძლიერდება,"-განაცხადა ღასან ხალილმა.